Wn/ka/49 წლის იარომირ იაგრი თამაშს აგრძელებს
1 მაისი, 2021
ყინულის ჰოკეის ჩეხი ლეგენდა იარომირ იაგრი პენსიაზე გასვლას ჯერ კიდევ არ აპირებს! „სხვა არჩევანი უბრალოდ არ მაქვს,” - განაცხადა პრესკონფერენციაზე იაგრმა, რომელსაც მშობლიურ კლუბ კლადნოს ექსტრალიგაში დაწინაურებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
იაგრი გუნდის სახე, ლიდერი და მფლობელია. „მე რომ თამაში დავასრულო, ბევრ პარტნიორსაც დავკარგავთ, - დასძინა სტენლის თასის ორგზის გამარჯვებულმა, - კარიერის გაგრძელების მთავარი მიზეზი სწორედ ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ამ კლუბის მიმართ ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, ყინულზე აღარ ვიფრენდი. ახლა მთავარია, რომ მაგრად ვივარჯიშო და წონაში არ მოვიმატო. ადრე შაიბა მაშინ გამქონდა, როცა მინდოდა და ისე გამქონდა, როგორც მინდოდა. ასაკთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.”
კლადნოში სეზონის 35 მატჩში იაგრმა 4 შაიბა გაიტანა და 18 ასისტი მიითვალა. „ვიცი, რომ უკეთეს ფორმაში უნდა ვიყო,” - ამბობს ვეტერანი. ის 49 წლისაა და 33 წელია პროფესიონალურ დონეზე თამაშობს.