Wn/ka/ტიკარაძე: ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ არსებული მოთხოვნა
7 მაისი, 2021
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მიღწეული იყო ნიშნული, რომელიც კალენდრითაა მოწოდებული. მისი თქმით, აცრების დღიური მაჩვენებელი 3000 აცრას შეადგენს:
„გუშინ ჩვენ გვყავდა 3000-ზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინაც ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს. აცრილი არის ამ ეტაპისთვის 55 000 ადამიანზე მეტი. ორმაგი ვაქცინით უკვე 9000 მოქალაქეზე მეტი. და ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როდესაც ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ, ისევე როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში ტარდება ვაქცინაციები, დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 მსგავსი დიდი პუნქტი, მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოქალაქეების აცრა“, - უთხრა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განმარტებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის.
„იმ ეროვნული კალენდრით, რომელიც შეთანხმებული არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და კოვაქს პლატფორმასთან, საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პერიოდი უნდა დამდგარიყო ზაფხულის პერიოდში, მიუხედავად ამისა, საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაცილებით უფრო მეტ რაოდენობას მოსახლეობისას მივეცით ხელმისაწვდომობა ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. და დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს ხელიმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც ასევე მიწოდების უსაფრთხოებითაც არის უზრუნველყოფილი. და ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში“