Wn/ka/ნიდერლანდებში ქალებს კაცთა გუნდებში თამაშის უფლება მისცეს
12 მაისი, 2021
მომავალი სეზონიდან ქალებს უფლება ექნებათ კაცთა გუნდებში ითამაშონ, ეს ცვლილება ეხება ყველა სამოყვარულო ლიგას. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების ფეხბურთის სამეფო ასოციაციამ (KNVB). ასოციაციის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტია, არა მარტო სამოყვარულო ფეხბურთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც“.
KNVB-ს სამოყვარულო ფეხბურთის დირექტორმა იან დირკ ვან დერ ზეემ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა ამით მრავალფეროვნების და თანაბარუფლებიანობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „ჩვენი სურვილია გოგონებმა და ქალებმა მოძებნონ ფეხბურთში თავიანთვის მისაღები ადგილი მათი უნარებისა და ამბიციების მიხედვით“.
ფეხბურთი ნიდერლანდებში ქალთა შორისაც ძალიან პოპულარულია, თუმცა აქამდე მხოლოდ გოგონებს შეეძლოთ ასაკობრივ გუნდებში კაცებთან ერთად თამაში, ქალებს კი - „სენიორ B“ გუნდებში.