Wn/ka/ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 16 წევრი მოკლა
12 მაისი, 2021
ისრაელის განცხადებით 12 მაისს ჰამასის 16 წევრი მოკლეს. ისრაელის უშიშროების სამსახურის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის სამხედრო ფრთის მაღალი რანგის წევრი, ღაზაში ალ-ქასემის ბრიგადის მეთაური, ბასემ ისა მოკლეს. ის მოკლულ ჰამასის მაღალი რანგის წევრებს შორის ერთ-ერთი იყო.
სხვა მაღალი რანგის მოკლული წევრები არიან კიბერ სარდლობის უფროსი და ჰამასის რაკეტების სიზუსტის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელი პირი, ჯამა თაჰლა, საბრძოლო მასალების წარმოების განყოფილების კვლევითი და სპეციალური პროექტების ხელმძღვანელი, ჯამალ ზაბედა, საბრძოლო მასალების განყოფილებაში ჰამასის მთავარი ინჟინერი, ჰაზემ ჰათიბი.
უშიშროების სამსახურის განცხადებით, ჰამასის ტექნიკური სადაზვერვო დეპარტამენტის ლიდერი, სამი რადვანი და ჯგუფის იარაღის წარმოების განყოფილებისთვის სამრეწველო აღჭურვილობის მეთაური, ვალიდ სმალი ასევე მოკლეს.
"გარდა ამისა, ჰამასის იარაღის წარმოებისა და კვლევისა და განვითარების დეპარტამენტიდან კიდევ 10 წევრია მოკლული". - აღნიშნულია ისრაელის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ამას გარდა, მანამდე ისრაელის მხარემ გააუვნებელყო ჰამასის 2 მნიშვნელოვანი წევრი, რომლებიც ორგანიზაციის სამხედრო დაზვერვის შტოს მეთაურობდნენ.
"ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ". - თქვა პრემიერმინმისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ლიდერების და წევრების სახლებზე, ასევე რაკეტის გამშვებ პუნქტებზე.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ისრაელის ავიაციამ ღაზაში გაანადგურა ჰამასის მიერ მართული პოლიციის შტაბი.
ჰამასის მოკლულ წევრებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალევე რაკეტა გაისროლეს აშდოდის მიმართულებით.
ჰამასის განცხადებით, შუა ღამით მათ თელ-ავისის და ბეერშებას მიმართულებით 210 რაკეტა გაისროლეს.
დაძაბულობაა ისრაელში არაბებით და ებრაელებით დასახლებულ ქალაქებში, სადაც აქციები გაიმართა. ქალაქ ლოდში სინაგოგა დაწვეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება მანამდე, სანამ სრულ და გრძელვადიან მშვიდობას არ მიაღწევენ.
ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ცეცხლს 53 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ჰამასის რაკეტებს.
ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.