Jump to content

Wn/ka/იერუსალიმში შეტაკებების შემდეგ ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > იერუსალიმში შეტაკებების შემდეგ ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

8 მაისი, 2021

ისრაელმა 8 მაისს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს პალესტინელ დემონსტრანტებთან კონფრონტაციის მოლოდინის გამო. დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც წინა დღით იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის კომისრის, იააკოვ შაბთაის თქმით, იერუსალიმის ქუჩებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გავიდნენ, მუსლიმთათვის წმინდა ღამის, ლაილათ ალ-ყადრის წინ. ისრაელის არმია აცხადებს, რომ დამატებით ძალებს, ძირითადად მეხანძრეებს გზავნის დასავლეთის სანაპიროზე და ღაზის სექტორთან ახლოს. ღაზაში მოქმედი ჯგუფები გამოდიან ახალი აქციების გამართვის მოწოდებებით ისრაელთან საზღვრის გასწვრივ. ისლამისტური ჯგუფი, ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, პალესტინელებს მოუწოდებს 13 მაისამდე, ანუ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებამდე დარჩნენ ალ-აქსას მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰამასის და კიდევ ერთი ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური ჯიჰადის მხარდამჭერებმა 8 მაისს ღაზიდან სამხრეთ ისრაელში ისროლეს აალებადი ბალონები.