Wn/ka/აშშ-ს უდიდესი მილსადენი კიბერშეტევის სამიზნე გახდა
7 მაისი, 2021
აშშ-ს უდიდესი მილსადენი, The Colonial Pipeline-ი, კიბერშეტევის სამიზნე გახდა. 8 850 კილომეტრის სიგრძის მილსადენს ყოველდღიურად 2.5 მილიონი ბარელი საწვავი გადააქვს, რაც აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს საწვავის 45%-ს შეადგენს.
კიბერშეტევა პარასკევს, 7 მაისს მოხდა და მილსადენი მთლიანად გაითიშა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია ჯგუფი DarkSide-ი. ჯგუფმა მილსადენის სისტემაში ხუთშაბათს შეაღწია და ხელში თითქმის 100 GB-ის მოცულობის მონაცემები ჩაიგდო. მონაცემების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჰაკერებმა ის დაშიფრეს და ახლა კომპანიისგან გამოსასყიდს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპარულ ინფორმაციას ინტერნეტით გაავრცელებენ.
კომპანია სამართალდამცველებთან, კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან და ენერგეტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობს, რათა სერვისის აღდგენა მოხერხდეს. ამ დროისთვის ოთხი ძირითადი მილსადენი კვლავ გათიშულია, თუმცა ტერმინალებს შორის მცირე ზომის მილსადენები ამუშავდა.
სავარაუდოდ,დაჯგუფება DarkSide-ი რუსეთთან ან რუსულენოვან ქვეყანასთანაა დაკავშირებული. დაჯგუფება დსთ-ს წევრ ქვეყნებში არსებულ ორგანიზაციებს თავს არ ესხმის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მილსადენის გათიშვა ორშაბათისთვის საწვავზე ფასების 2-3%-ით გაძვირებას გამოიწვევს. მილსადენის გათიშვით გამოწვეული საწვავის ნაკლებობის შესავსებად საწვავის გადამზიდ სატვირთო მანქანების მძღოლებს საგანგებო დეკლარაციით დამატებითი საათებში მუშაობის უფლება მიეცათ. გამონაკლისი ეხება ბენზინის, დიზელის და რეაქტიული საწვავის გადაზიდვას ალაბამას, არკანზასის, დელავერის, ფლორიდის, ჯორჯიის, კენტუკის, ლუიზიანას, მერილენდის, მისისიპის, ნიუ იორკის, ჩრდილოეთ კაროლინას, პენსილვანიის, სამხრეთ კაროლინას, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში.