Wn/ka/ვენაში განახლდა მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ვენაში განახლდა მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ

7 მაისი, 2021

7 მაისს ვენაში ირანმა გამართა მაღალი დონის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, რომლის მიზანია აშშ-ის დაბრუნება მსოფლიოს სახელმწიფოებსა და ირანს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში, რომლიდანაც ვაშინგტონი 2018 წელს გამოვიდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ პაქტის გადახედვა იყო საჭირო.

ამ შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანმა აიღო ვალდებულება თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციამ კვლავ დაუწესა სანქციები თეირანს. საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ადრევე განაცხადა, რომ მას სურს, კვლავ შეუერთდეს მოლაპარაკებას, რომელიც ერთობლივი საყოველთაო მოქმედების გეგმის სახელითაა (JCPOA) ცნობილი, მაგრამ ირანი უნდა დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს.

მიმდინარე მოლაპარაკებების, რომლებიც 7 მაისს განახლდა, ყურადღების ცენტრშია საგზაო რუკის შექმნა ვაშინგტონისთვის ირანის მიმართ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით და თეირანის მიერ თავის ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების აღდგენა, როგორც თავდაპირველ შეთანხმებაში იყო გაწერილი.

7 მაისის მოლაპარაკების შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მოიყვანა ირანის მთავარი წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, აბას არაყჩის ნათქვამი, რომ ვაშინგტონმა გამოხატა მზადყოფნა, გააუქმოს ბევრი სანქცია, თუმცა თეირანი მეტს მოითხოვს.

მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენლმა, მიხეილ ულიანოვმა, ტვიტერით დაწერა, რომ დელეგაციები „შეთანხმდნენ პროცესის ინტენსიფიკაციის აუცილებლობაზე“ და ჩანს,“ მზად არიან ვენაში იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ვენის მოლაპარაკებაზე, ალენ მატონმა თქვა, რომ ექსპერტების მოლაპარაკება მომავალ დღეებში გაგრძელდება.

რადგან აშშ ამ ეტაპზე აღარ არის შეთანხმების მონაწილე, აშშ-ის მთავრობა მოლაპარაკებაში არ მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნების დელეგაციების დიპლომატები მოძრაობენ ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის, რომლებიც განცალკევებით ბინადრობენ ვენაში.