Wn/ka/ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა

9 მაისი, 2021

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების ახლოს ჩაცვივდა. ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების თანახმად, რაკეტის ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის დროს დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია, დაეცა თუ არა რაკეტის ნამსხვრევები უშუალოდ მალდივის კუნძულებზე.

რაკეტა Long March 5B-ს ჩინეთის ახალი კოსმოსური სადგურის მთავარი მოდული გადაჰქონდა დედამწისს ორბიტაზე. ის 29 აპრილს გაუშვეს. ჩვეულებრივ, ამაჩქარებელი საფეხურები საწვავის ამოწურვის შემდეგ, რაკეტას სცილდება და უკან, დედამიწაზე ვარდება, მაგრამ 23-ტონიანი მთავარი საფეხური კოსმოსური სადგურის მთავარ მოდულს ორბიტაზე ბოლომდე გაყვა.

ატმოსფეროს ზედა ფენებში რაკეტასა და ჰაერს შორის არსებული ხახუნის გამო, მან სიმაღლის კარგვა მალევე დაიწყო და დედამიწისკენ უკონტროლო ვარდნა დაიწყო. იმის შესაძლებლობა, რომ რაკეტის ნამსხვრევებს დედამიწაზე სერიოზული ზიანი გამოეწვია ძალიან მცირე იყო. სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოების მეცნიერები რაკეტის ტრაექტორიას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

ჩინეთის თანახმად, რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში პეკინის დროით 10:24-წუთშე შემოვიდა. აშშ-ს კოსმოსური შტაბმა დაადასტურა, რომ რაკეტა არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში, თუმცა, უწყების თანახმად უცნობია მისის ნამსხვრევები წყალში ჩაცვივდა, თუ ხმელეთს მოხვდა.

Long March-ი 5B-ტიპის მეორე რაკეტა იყო, რომელიც ჩინეთმა გაუშვა. პირველი 2020 წლის მაისში გაეშვა. გასულ წელს, რაკეტის ნამსხვრევები კოტ-დ'ივუარში ჩამოცვივდა და რამდენიმე შენობა დააზიანა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ქვეყნებმა, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს ქმნიან, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ რისკები ადამიანებისთვის და საკუთრებისთვის დედამიწაზე, რომლებიც კოსმოსური ობიექტების ატმოსფეროში დაბრუნებისას იქმნება და მაქსიმალურად უნდა გაზარდონ გამჭვირვალობა ამ ოპერაციებთან დაკავშირებით. ნათელია, რომ ჩინეთი ვერ ასრულებს კოსმოსურ ნამსხვრევებთან დაკავშირებულ სტანდარტებს“ - თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა, ყოფილმა სენატორმა და ასტრონავტმა ბილ ნელსონმა.