Wn/ka/მთავარი არხი: მიტროპოლიტმა ანტონმა ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > მთავარი არხი: მიტროპოლიტმა ანტონმა ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

8 მაისი, 2021

მთავარი არხის ინფორმაციით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. განცხადების მიხედვით, მთავარი არხი კადრებს დღეს, 8 მაისს, 21:00 საათზე გაავრცელებს.

„გუშინ, 7 მაისს, ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას ვანი-ბაღდათის ეპარქიაში. მან აიღო ინტერვიუ რამდენიმე მღვდელმთავრისგან სასულიერო პირზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მთელ ქართულ მედიაში აქტუალური თემა იყო. ყველა ინტერვიუმ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. გამონაკლისი იყო ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). აღნიშნულმა სასულიერო პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ჟურნალისტს, შემდეგ მუქარით აუკრძალა მისი ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის მოწმე იქ მყოფი ათეულობით ადამიანია და გადაღებულია ჩვენ მიერ“. - წერია განცხადებაში.

მთავარი არხის განცხადებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ინციდენტები გახშირდა და, არხის შეფასებით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს.

„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და, ამგვარად, ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ". - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჰქონდეთ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.

აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება“. - წერია არხის განცხადებაში.